ვერც ერთი ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული, ვინაიდან თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება დაიწყო შარშან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ განაცხადა.
„ვერც ერთი, მათ შორის, ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული, ვინაიდან თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება დაიწყო შარშან. ჩვენ – საზოგადოებას გვაქვს უფლება, ოფიციალურად ვიცოდეთ იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და უარს ამბობენ გამჭვირვალობაზე”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი ქვეყნისთვის დამატებითი უსაფრთხოების ღვედის ფუნქციას შეასრულებს.
“საქართველო ისეთ მდგომარეობაშია უკვე რამდენიმე წელია, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და ცუდი ამინდი ჰაერში აბურთავებს. ასეთ დროს აუცილებელია დამატებითი უსაფრთხოების ღვედები. სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი. კანონის პროექტი გამჭვირვალობის შესახებ ეხება მხოლოდ არასამთავრობო სექტორში იმ ორგანიზაციებს, ვისაც აღმოაჩნდება 20%-ზე მეტი შემოსავლისა მიღებული გარედან”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.