”ქართული ოცნება” მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ისეთი მოდელის შემოღების ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, ამას შეიძლება თავად პარლამენტის დათხოვნა მოჰყვეს.
დღეს არსებული მოდელით, თუკი პარლამენტი მთავრობას უნდობლობას უცხადებს, მან იმავდროულად ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს, ხოლო თუ ახალი ვერ აირჩია, მაშინ დგება პარლამენტის დათხოვნის საკითხი.
”ქართული ოცნების” უმრავლესობის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს, თუკი პარლამენტმა კენჭი უყარა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს და გამოუცხადა მას უნდობლობა, ამის შემდეგ პრეზიდენტს შეუძლია ან მთავრობა გადააყენოს ან პარლამენტი დაითხოვოს.
უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ”ქართული ოცნების” საკონსტიტუციო ინიციატივა ასეთია: – უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს. საკითხს კენჭი ეყრება მისი აღძვრიდან არაუადრეს 14 და არაუგვიანეს 21 დღისა. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობას გამოუცხადებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი 7 დღის ვადაში გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს.
ამავე პროექტით, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, თუ მთავრობა მას შესაბამისი წარდგინებით მიმართავს. ასეთ შემთხვევაში, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები იმართება არჩევნების დანიშვნიდან მესამოცე დღეს. მთავრობის გადაყენების შემთხვევაში მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მომენტიდან.
გარდა ამისა, ”ქართული ოცნების” საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში არის კიდევ ერთი ინიციატივა, როცა პრემიერ-მინისტრს შეუძლია პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და თუ მთავრობა ნდობას ვერ მიიღებს, შეუძლია პარლამენტის დათხოვნა მოითხოვოს.
კონკრეტულად, პროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასმის შემთხვევაში, ნდობის საკითხს კენჭი ეყრება არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი 7 დღის ვადაში გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, თუ მთავრობა მას შესაბამისი წარდგინებით მიმართავს. რიგგარეშე არჩევნები იმართება არჩევნების დანიშვნიდან მესამოცე დღეს. მთავრობის გადაყენების შემთხვევაში მთავრობის უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცების მომენტიდან.