შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე თავდასხმის ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
„გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ, რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები, დაწყებულია გამოძიება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გვიან ღამით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან , როგორც თავად ირწმუნება თავს უცნობი პირები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელდა ასევე ინფორმაცია ერთ-ერთ აქტივისტზე – ლაშა ღვინიანიძეზე თავდასხმის შესახებაც. გვიან ღამითვე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ჩიქოვანი და ჯაფარიძე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, ჯაფარიძის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება დიმიტრი ჩიქოვანს, მას ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება.