იმედი გვაქვს, ვეტო გამოყენებული იქნება კანონის სრულად გადახედვისთვის და შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებთან, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური მიზანი, არამედ ეს ითვალისწინებს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რაც გულისხმობს საქართველოსა და მისი მართლმსაჯულების სისტემის, სამართალდამცავი სისტემის და სხვა სისტემების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
„ეს არ არის ჩარევა შიდა პოლიტიკაში, ეს არის ევროპული სტანდარტები, რომელთა შესრულებაც ყველას მოგვიწია, როდესაც ევროკავშირში გავწევრიანდით. ამიტომ ამაში არაფერია ანტიქართული და მთავრობის საწინააღმდეგო. ეს არის ის, რაც ჩვენ თავადაც გავაკეთეთ და რაც ყველა კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება. ამ კონტექსტში ძალიან რთულია იმის გაგება, რატომ გახდა ამ კონკრეტული კანონის მიღება, რომელიც ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობას“, – აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.
მინისტრის თქმთ, მოისმინეს ვეტოს შესახებ გზავნილი და იმედი აქვთ, რომ ის იქნება გამოყენებული კანონის სრულად გადახედვისთვის და შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებთან.
„ჩვენ ვართ საქართველოში, როგორც მეგობრები, უახლოესი მეგობრები. ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ შიდა პოლიტიკური პროცესის მონაწილეები გავხდეთ. ამას მკაფიოდ მინდა, ხაზი გავუსვა. მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული და ნატო-ში გაწევრიანების მიზანი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში, საქართველო მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს, ბალტიისპირეთის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფმა დავაბანდეთ უზარმაზარი პოლიტიკური კაპიტალი ევროკავშირის მაგიდასთან, ვგულისხმობ ფინანსურ, პოლიტიკურ კაპიტალს, რომელიც დავაბანდეთ საქართველოს მიერ დასახული ამ მიზნის მხარდაჭერაში, მინდა, მკაფიო ვიყო, რომ ეს ინტერესი უცვლელი დარჩება.
ჩვენ გვსურს და ვხედავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად. საქართველოს ევროპული გზა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ისევე როგორც უკრაინის ევროპული გზა, ალბანეთისა და სხვა ქვეყნების. ძალიან მკაფიო ვართ იმ წუხილში, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
