ეს არავითარი „რუსული კანონი“ არ არის – ეს ქართული კანონია. ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის საჭირო კანონი, რომელიც ყველა მოვლენას თავის სახელს დაარქმევს, – ამის შესახებ მეცნიერმა, ფილოლოგმა, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, ვალერი ასათიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
კითხვაზე, რა არის გზა, რომ პოლარიზაციამ საზოგადოება გამოუსწორებელ შედეგებამდე არ მიიყვანოს, ასათიანმა განაცხადა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
„ის, რაც ხდება, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არის მიუღებელი იმ თვალსაზრისით, რომ ეს არავითარი „რუსული კანონი“ არ არის – ეს ქართული კანონია. ეს არის საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრიობისთვის საჭირო კანონი, რომელიც ყველა მოვლენას თავის სახელს დაარქმევს. ადამიანი როდესაც კეთილ საქმეს აკეთებს, მას არ მოერიდება, რომ დაფიქსირდეს, რასაც აკეთებს. ამდენად, გამჭვირვალობა, შესაძლოა საბაბი იყოს. მიზეზები აქ ალბათ, სხვა არის, სხვაგან დევს. ყველა შემთხვევაში, ახლა რეცეპტი არ არსებობს. ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რაიმეს პროგნოზირება ძალიან ძნელია, ძალიან უმადური საქმეა, თუმცა ყველა შემთხვევაში საჭიროა დიალოგი, უნდა მოიძებნოს ერთმანეთისკენ სავალი გზები, რადგან ისინი არიან ჩვენი შვილები, ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, სტუდენტები და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ვალერი ასათიანმა.
მისივე თქმით, უმეტესობა იმის მომხრეა, რომ ნებისმიერი თემა უნდა განიხილებოდეს. დიდაქტიკურად რაიმეს თავს მოხვევა კი დაუშვებელია.
„მას ერი არ შეეგუება. არის თემები, რომელსაც ქართველი კაცი და საქართველო ვერასდროს შეეგუება“, – დასძინა ასათიანმა