„ნაციონალურ მოძრაობაში“ უარყოფენ ინფორმაციას, რომ პარტია თბილისის რაიონულ ოფისებს ფინანსური კრიზისის გამო ხურავს. ზაზა გოგავა, რომელიც რაიონული ორგანიზაციის უფროსია, ოფისების ხელმძღვანელთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ოფისების დახურვაზე საუბარი არ ყოფილა.
„ოფისების რაოდენობა არ მცირდება. რაიონული ოფისების ხელმძღვანელებს ყოველთვის ვხვდები, ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება მათთან განვიხილო, ეს არის როგორ გავაძლიეროთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ნამდვილად არ ვთვლი საჭიროდ, ახლა ამ ოფისების ჩამოთვლას, ხელისუფლებამ და სუსმა ძალიან კარგად იცის ჩვენი ოფისების მისამართები“, – აღნიშნა გოგავამ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, თბილისის რაიონული ორგანიზაციის უფროსი ზაზა გოგავა, რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა, რა დროსაც გადაწყდა რომ პარტიაში არსებული ფინანსური კრიზისის გამო დაიკეტება თბილისის მასშტაბით არსებული რაიონული ორგანიზაციის ოფისები, გარდა საბურთალოს ორგანიზაციისა.