საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, დედაქალაქში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბებაში, რასაც დამოუკიდებლობის წლებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ასევე, ხაზგასასმელია მისი ღვაწლი სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში. მათ შორის, იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელი; სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა შორის; სწორედ იასონ ლორთქიფანიძის თაოსნობით მოიძიეს განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი და მისი ნეშტი სამშობლოს დაუბრუნდა. ის ცნობილი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმაა.
აღსანიშნავია, რომ 1917 წლიდან გარდაცვალებამდე (1949 წ.), იასონ ლორთქიფანიძე, სახელმწიფო ბანკის ისტორიული შენობის მიმდებარედ, სწორედ ანტონ ფურცელაძის N12-ში ცხოვრობდა, სადაც დღეს მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყნისა და ისტორიის წინაშე იასონ ლორთქიფანიძის ღვაწლის დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია.
“ჩვენი ვალია, გვახსოვდეს დამოუკიდებლობის გმირები, სათანადოდ დავაფასოთ მათი ღვაწლი ქვეყნისა და ისტორიის წინაშე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ იასონ ლორთქიფანიძე. მადლობას ვუხდი თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მერიას, ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ ახლა ჩვენ შორის იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლებიც არიან და დარწმუნებული ვარ, ამაყობენ დღევანდელი დღით. ეს ის მინიმუმია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იასონ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად”, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლის, თამარ ლორთქიფანიძის თქმით, სიმბოლურია, რომ იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფის გახსნა 26 მაისის კვირეულს დაემთხვა.
“ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ყველას დიდი მადლობა ვინც მიიღო მონაწილეობა, ინიციატორებს, ეროვნულ ბანკს, მერიას, საკრებულოს”, – აღნიშნა მან.
მემორიალური დაფის გახსნას ესწრებოდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ასევე იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლები.
მემორიალური დაფის გარდა, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას და სკვერს უახლოეს პერიოდში იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭება. საკითხი დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში დღეს დაინიცირდა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.