ღიად გვითხრეს, რომ ჩვენ სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა დავთმოთ, თუ გვინდა დასავლეთი. დასავლეთი გვინდა, მაგრამ სუვერენიტეტის დათმობა არ გვინდა, – განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“.
ხუნდაძემ განაცხადა, რომ აშშ-თვის სახელმწიფო მდივნის განცხადებით დაანონსებულ შეზღუდვებს თავად ამერიკისთვის ექნება რეპუტაციული ზიანი.
დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, კრიმინალები, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები – კეზერაშვილი და ადეიშვილი დასავლეთში თავისუფლად გადაადგილდებიან, ხოლო ქართველ კანონმდებლებს უპირებენ დასანქცირებას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის იმ ფორმით დაცვისთვის, რომელიც დასავლეთში მიღებულია.
„ღიად გვითხრეს, რომ ჩვენ სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა დავთმოთ, თუ გვინდა დასავლეთი. დასავლეთი გვინდა, მაგრამ სუვერენიტეტის დათმობა არ გვინდა. არ გვინდა არა მხოლოდ განწყობის დონეზე, არამედ ის წარმოადგენს საფრთხეს.
ის, რაც დღეს ხდება, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საკმაოდ მძიმეა. ეს არ არის ისე მარტივად წარმოჩენილი, როგორც ქუჩაში ახალგაზრდები უყურებენ. ვგულისხმობ იმ ახალგაზრდებს, ვისაც გულწრფელად ჰგონია, რომ ენერგიას ხარჯავს ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დასაცავად და მისი ევროპული მომავლისათვის და არა აკერმანის გაკვეთილებით გაზრდილ ახალგაზრდებს თუ ძველგაზრდებს, ვისაც კონკრეტული მიზანი აქვთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.