ზუგდიდის სოფელ კორცხელში შემზარავი მკვლელობა მოხდა. ქმარმა ცოლი სასტიკი წამებით მოკლა. მოკლული ქალი ფატი კუდავაა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 50 წლამდე ასაკის ქალბატონი და მის მკვლელობაში ბრალდებული 51 წლის მამაკაცია.
სოფელ კორცხელში მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ მომხდარის დეტალები არ იცის, რადგან ცოლ-ქმარი მათი სოფლის მაცხოვრებლები არ იყვნენ.
“მათ ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი ჰქონდა, კერძოდ თხილნარი, პერიოდულად მოდიოდნენ და ამუშავებდნენ. როგორც ირკვევა, გუშინ იქ მოხდა მკვლელობა. მეც ახლახან გავიგე და სხვა დეტალი ჩემთვის უცნობია”,- მითხრა მერის წარმომადგენელმა.
ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა გვითხრა, რომ ქალი სასტიკადაა ნაწამები. მისი თქმით, ცოლ-ქმარი ზუგდიდში ცხოვრობდა და შემთხვევის ადგილზე მიწა ჰქონდათ.
“არ ვიცი რა უნდა ვთქვა, საშინელი ამბავი დატრიალდა. როგორ უნდა იცოცხლოს იმ სატანამ, რომელმაც ასე აწამა ცოლი. ფატი საშინელი წამებით ჰყავს მოკლული. ჩაქუჩით თავის ქალა ჩაუმტვრია და ძვლები დაულეწა, ისე მოკლა.
მთელი ღამე არ გვიძინია, ისეთი საშინელი ფაქტია მომხდარი. როგორც ჩანს, მკვლელობა დაგეგმილი ჰქონდა და ეტყობა, გაიტყუა იმ სოფელში და ასე მოკლა. მეტს ვერაფერს გეტყვით, ალბათ მალე გახმაურდება ყველაფერი”, – გვითხრა ახლობელმა და სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
“სამეგრელოს პოლიციამ, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა”, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.შ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეუღლეს – 1966 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს, ბლაგვის საგნის გამოყენებით, თავის არეში, დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: კვირის პალიტრა