საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ზეიმობთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა წვევამდელებს, რომლებმაც ამ ღირსშესანიშნავ დღეს სამშობლოს ერთგულების ფიცი დადეს.
„70-წლიანი საბჭოთა მმართველობის დასასრულს, 1990 წელს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო 1991 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მას შემდეგ, საქართველო გადის ერთგვარ მოსეს გზას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, „აღთქმულ მიწამდე“ აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ღონისძიებებს გაეცნო. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ესტუმრონ ღვინის სივრცეს, ასევე სპორტულ, კულინარიულ და საბავშვო კუთხეებს.
26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი დაასრულებს, რომლის მთავარი თემაა – ამბავი საქართველოზე. გალა კონცერტის წლევანდელი პროგრამა სრულად ფოლკლორს ეთმობა და მასში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში იმართება.
















































