ეს ნიშნავს ერთ რამეს – საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მოქმედებს არცერთი სხვა ქვეყნის ოფიციალური პირების ზეწოლის, შანტაჟის, განცხადებების მიხედვით., – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ გრიგორი კარასინის განცხადებას ეხება.
მისი თქმით, ხელისუფლების უპირატესი ეროვნული მიზანი არის საქართველოს გაერთიანება, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს ყველა სხვა ამოცანა.
„ამ უპირატესი ეროვნული მიზნის მიღწევისთვის მთავარია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდა. 2 წლის განმავლობაში შიდა თუ გარე ომის პარტიები გვიბიძგებდნენ, რომ შევსულიყავით დაპირისპირების სპირალში რუსეთთან, იქნებოდა ეს სანქციებით, მებრძოლების გაგზავნით თუ სხვ. რომელსაც ხან ღიად და ხანაც ფარულად მოგვიწოდებდნენ ჩვენი მტერ-მოყვარებები და ჩვენ ამაზე არ წავედით რადგან ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში მშვიდობა, რადგან ამის გარეშე ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არამარტო, შესაძლოა სახელმწიფოც კი დაგვავიწყონ თუკი დავყვებით ზოგიერთი ჯგუფის წაქეზებებს და ავრევთ სიტუაციას. ითხოვდნენ, რომ სახელმწიფოს დაეორგანიზებინა და ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეები გაეგზავნა ომში რუსეთის წინააღმდეგ. რომელიმე ქვეყანამ, მათ შორის ნატოს წევრებმა, რომელთაც ატომური ბომბები იცავს, ოფიციალურად თავისი მოქალაქეები საომრად გააგზავნა? ჩვენ მაინცდამაინც რატომ გვთხოვდნენ? ამის შესახებ როგორც ღია მოწოდებები იყო, ისე იყო მოწოდებები დახურულ კარის მიღმაც, ზოგიერთი მტერმოყვარე ამისკენ გვიბიძგებდა. ასე რომ როცა კითხვაა, ვინ გიბიძგებდათ ომისკენ და ეს კონსპირაციააო, არანაირი კონსპირაცია ამაში არ არის. პირდაპირ ეთერში ვხედავდით როგორ გვითრევდნენ ომში სხვადასხვა ინსტრუმენტებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.