გუშინ, 26 მაისს პირველად ისტორიაში საქართველოში საპილოტე ავტოგზავნილით შემოვიდა ტვირთი. ეს არის მნიშვნელოვანი ქართველი იმპორტიორებისთვის და იმ მეწარმეებისთვის, რომელთაც ჩინეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები აქვთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა გლობალური მოწოდების ჯაჭვში მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება.
„რაც შეეხება ზოგადად ამ პროცესს, შარშან ჩვენი ქვეყნის პრემიერი ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში, სადაც გადაწყდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალჯერადი ნებართვების გაცვლა და შედეგებმაც არ დააყოვნა, წელს უკვე შუა დერეფნის გასწვრივ საქართველოში პირდაპირ საავტომობილო მიმოსვლით შეგვიძლია ტვირთების შემოტანაც და გაგზავნაც. როდესაც ასეთი სახის გადაზიდვები გაიზრდება, საჭირო გახდება სხვადასხვა სახის ლოგისტიკური სერვისები და გარდა იმისა, რომ გლობალურ მოწოდების ჯაჭვში საქართველო როგორც გლობალური მოთამაშე იპოზიციონირებს, განვითარდება ქვეყანაში ლოგისტიკური სერვისებიც. გადამზიდავი კომპანიებისთვის ეს მიმზიდველია რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ჩინეთიდან საზღვაო გზით საქართველოში კონტეინერის მოხვედრას სჭირდება საშუალოდ 52 დღე, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს 12 დღესთან. ყაზახეთი-ჩინეთის საზღვრიდან გადამზიდავს შეუძლია 12 დღეში ჩამოიტანოს ტვირთი. მთავარი არის ჩვენი მზაობა, ის რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა ვითარდება. ქვეყანაში ბევრი სატრანსპორტო გლობალური პროექტი ხორციელდება, მე აღვნიშნავდი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს, ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს, ასევე უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები, შესაბამისად, ქვეყანა უკვე მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება გლობალური მოწოდების ჯაჭვში შუა დერეფნის სახით“, – აცხადებს გურამიშვილი.