როდესაც მაისის შუა რიცხვებში მოხდა ლარის კურსის პირველი ტიპის მერყეობა, რომელიც ჩემი აზრით იყო ხელოვნურად ინსპირირებული ნაწილი, ამან გამოიწვია პანიკა, – ამის შესახებ ეკონომისტმა, Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ეროვნულ ბანკს რომ არ ემოქმედა მყისიერად, მაისის 17-18-ში ჩვენ მივიღებდით გაცილებით მაღალ კურსს. მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი არ იყო შეცვლილი, რასაც შეეძლო კურსზე გავლენა მოეხდინა“, – აღნიშნა ეკონომისტმა.
აბაშიშვილმა იმ ფუნდამენტურ ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც ლარის კურსზე გავლენას ახდენს.
„არის 4 ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც შეიძლება კურსს ურტყამდეს და მერე ხდებოდეს ცვლილება. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ მცურავ კურსზე ვლაპარაკობთ, რომელიც ძალიან სწრაფად რეაგირებს ყველა ტიპის ნაწილზე, მაგრამ ყველაფერი სწრაფად დგება კალაპოტში, თუ ფუნდამენტური ფაქტორები არსებობს. ფუნდამენტური ფაქტორებია: წმინდა ექსპორტი, გადმორიცხვა, ტურიზმის ნაწილი და ინვესტიციები, ესენი არცერთი შეცვლილა. ახლა მოდის პერიოდი, როდესაც ის ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსზე გავლენას ახდენს, პირიქით, კურსის გამყარების ხელშემწყობებია. როგორც კი ზაფხულის პერიოდი მოდის, ტურიზმის ფაქტორი ხელშემწყობი ფაქტორი ხდება. ახლა არის პერიოდი, როდესაც პირიქით, კურსი წესით გამყარებისკენ უნდა მიდიოდეს“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.