ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ყველა მიმართულება მდგრადად განვითარდეს. ჩინეთი წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყანას. 2023 წელს ჩვენმა ქვეყანამ 43 ათასზე მეტ ჩინეთის მოქალაქეს უმასპინძლა და ჩვენ ვზრუნავთ, რომ მიმდინარე წელს აღნიშნული ოდენობა გავზარდოთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ ვიზების მოხსნა იქნება პირდაპირი სტიმული ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემოდინების. მინდა აღვნიშნო, რომ ჩინური ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. ისინი ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში მოგზაურობენ ხანგრძლივი პერიოდით და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინელი ტურისტები მოგზაურობენ არა მხოლოდ ერთ ქალაქში, არამედ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და ამას რა თქმა უნდა ექნება თავისი ეკონომიკური ეფექტი ჩვენს მცირე და საშუალო მეწარმეებზე, რომლებიც ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ერთი მხრივ ტურიზმი განვითარდეს და მეორე მხრივ ჩვენ ვნახოთ ახალი ტურისტული ბაზრები“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.