უკრაინის ომბუდსმენმა, დიმიტრი ლუბინეცმა ოფიციალური წერილები გაუგზავნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაერო-ს, რათა მოხდეს რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტის დოკუმენტირება.
ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა.
ლუბინეცის განცხადებით, ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ამცირებენ რუსი ჯარისკაცები უკრაინელ სამხედრო ტყვეებს. წინასწარი ინფორმაციით, ეს მოხდა ხარკოვის ოლქში, სადაც რუსები ამჟამად შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ცდილობენ.
„ვიდეოში ნაჩვენებია ტყვეების ცემა, დამცირება, მუქარა და იმიტირებული სიკვდილით დასჯა. სამწუხაროდ, უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ ასეთი მოპყრობა გამონაკლისს კი არა, არამედ ოკუპანტების ჩვეულებრივ ტაქტიკას წარმოადგენს. მსგავსი ქმედებები ჟენევის კონვენციების დარღვევა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ტყვეებს ჰუმანური მოპყრობის უფლება აქვთ“, – განაცხადა ლუბინეცმა.
ომბუდსმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქმე უნდა დაფიქსირდეს, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის კიდევ ერთი მტკიცებულება.
„მე გავუგზავნე ოფიციალური წერილები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაერო-ს, რათა მოხდეს რუსი ოკუპანტების მხრიდან უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტის დოკუმენტირება. ეს კიდევ ერთი მტიცებულება იქნება მომავალი ტრიბუნალისთვის. რუსეთი არ იცავს ომის წესებს და აბსოლუტურად არ ერიდება თავისი სასტიკი და არაადამიანური ქმედებების დემონსტრირებას“, – დასძინა მან.