საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა კვლავ რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობით გრძელდება დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების საქმეში, რისთვისაც გრძელდება არსებული მექანიზმების დახვეწა და თანამშრომლობა, როგორც შიდა, ასევე გარე აქტორებთან.
„აღნიშნულ პროცესში ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა მოწინავე ქვეყნის (ირლანდია, ისრაელი, იტალია) საუკეთესო პრაქტიკა. ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტი რესურსი და ყურადღება დაეთმო წარმატებულ პროგრამებსა და პროექტებს, რომელთა მიმართაც ჩვენი დიასპორის ინტერესი სულ უფრო იზრდება. საგრანტო მექანიზმების დანერგვამ და მოცულობის ზრდამ მკვეთრად გააძლიერა უცხოეთში არსებული საკვირაო სკოლები, ფოლკლორული ანსამბლები და დიასპორული ორგანიზაციები, რომელთა ჯამური რაოდენობა 300-ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ ინიციირებული საგრანტო პროექტების მიმართ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთა მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პროექტების ბიუჯეტი. კერძოდ: „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერისა“ და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ საგრანტო პროგრამების ბიუჯეტი ჯამში გაორმაგდა 350 000 ლარიდან 700 000 ლარამდე; მკვეთრად გაიზარდა „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამა − 40 000 ლარიდან 150 000 ლარამდე, რაც გულისხმობს ახალი შექმნილი სახელმძღვანელოს ბეჭდვისა და საკვირაო სკოლის მასწავლებელთა გადამზადების ხარჯს; ასევე დაემატა სამი ახალი პროგრამა, რომელთა საერთო ჯამი შეადგენს 180 000 ლარს. მიმდინარე წელს დიასპორული პოლიტიკის განხორციელებასთანდაკავშირებული ხარჯების ბიუჯეტი გაიზარდა 700 000 ლარით. საანგარიშო პერიოდში ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვარგარეთ ახალი საგანმანათლებლო და კულტურული კერების დაფუძნებას − გაიხსნა 10 ახალი საკვირაო სკოლა. მნიშვნელოვნად გააქტიურდა ურთიერთობები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. კერძოდ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, მიმდინარეობს დიასპორასთან ურთიერთობის კომპონენტში სამინისტროს გაძლიერება დიასპორის მონაცემთა ბაზისათვის შესაბამისი პროგრამის მომზადებისა და დიასპორის ვებპორტალის (GDA.GE) დასრულების კუთხით“, – აღნიშნულია ანგარიშში.