სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების მიზეზი არ არსებობს.
„სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია. საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ დასანქცირება იყოს საჭირო. საუბარი თუ იმაზეა, რატომ მივიღეთ კანონი, პარლამენტი იმისთვის არის და მოსახლეობის უმრავლესობამ იმიტომ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, რომ მისი პირდაპირი ვალდებულებაა, კანონები მიიღოს, გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესი, ეროვნული ინტერესი და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. ზოგადად, გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეუძლებელია, ეს ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ ელექტრონული ფოსტით წერილების მიღების თაობაზე.
„ტყუილია, არ არის სწორი ინფორმაცია. ატყუებთ ხალხს, სპეკულირებთ, არანაირად სიმართლეს არ შეეფერება. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება, არანაირი არგუმენტი არ არსებობს. პირიქით, მზად ვართ, გავაღრმავოთ ურთიერთობები, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა, იყოს ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გზა არის ევროპა და ევროპული მომავალი. ამ გზაზე თუ რაიმე წარმატება გვაქვს, არის ჩვენი ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამსახურება და, რა თქმა უნდა, ამ შემართებით, სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას. ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დასანქცირდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, შანტაჟი მიმდინარეობდა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ყველა პარამეტრით აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.
„ხალხს უთხრეს, თქვენ კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ეს იყო შანტაჟი და მცდელობა, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, დაპირისპირება მომხდარიყო ხელისუფლების მხარდამჭერებსა და სხვა, უმცირესობაში მყოფი ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. მოცემულია ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც ზედმიწევნით იქნება შესრულებული და ბურთი იქნება მათ მხარეს. შესაბამისად, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებენ, ცხადი იქნება, რომ პოლიტიკურად ხდება ქვეყნის დასჯა და მოლაპარაკებების გახსნის თემა იქნება პოლიტიკურად გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ და შევასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.