უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი მიზნად ისახავს ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის გაძლიერებას, – განაცხადა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა [პარტია „რესპუბლიკელები“], ვირჟინი დუბი-მიულერმა.
საფრანგეთის პარლამენტმა ოთხშაბათს საბოლოოდ დაამტკიცა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი. ახალი კანონი ითვალისწინებს გავლენის ეროვნული რეესტრის შექმნას, ფინანსური აქტივების გაყინვის პროცედურასა და ალგორითმული მეთვალყურეობის ექსპერიმენტულ გაფართოებას, რომელიც ამჟამად გამოიყენება ანტიტერორისტული საქმიანობისთვის.
„კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, მიზნად ისახავს უცხოური ჩარევისგან ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის გაძლიერებას. ამან [უცხოურმა ჩარევამ] შეიძლება სხვადასხვა ფორმა მიიღოს და საფრთხე შეუქმნას ჩვენს პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სამეცნიერო, კულტურულ და, ცხადია, დემოკრატიულ ინტერესებს“, – აღნიშნა ვირჟინი დუბი-მიულერმა ეროვნული ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, კანონი შეიცავს მთელ რიგ საკანონმდებლო ზომებს, რათა საფრანგეთის სახელმწიფომ თავიდან აიცილოს და წინააღმდეგობა გაუწიოს ასეთ ჩარევას საჯარო ცხოვრებაზე ზეგავლენის მქონე უცხოელი აქტორების რეესტრის შექმნით.