საფრანგეთში ულტრამემარჯვენე მთავრობის აჩრდილი უკვე აღარ არის პოლიტიკური ფანტასტიკა. მითუმეტეს, უკიდურესი მემარჯვენეები ევროპის სხვა ქვეყნებს, მაგალითად, იტალიას, უკვე მართავენ. იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ძალიან განრისხდა, როდესაც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ივნისში უთხრა, რომ მისი პარტია ულტრამემარჯვენეთა შორისაა.
ფრანგი მარინ ლე პენის მსგავსად, ეს იარლიყი ჯორჯიასათვისაც მიუღებელია. საერთოდ, ეს ეტიკეტი ულტრამემარჯვენე პარტიებს ძალიან არ მოსწონთ. იტალიაში პრესაც და პოლიტიკური ხელისუფლებაც ჯორჯია მელონის პარტია „იტალიელ ძმებს“ მემარჯვენე ძალად მოიხსენიებს. ტერმინი „უკიდურესი მემარჯვენეები“ იტალიაში ისეთი ნეონაცისტური და ნეოფაშისტური პარტიების აღსანიშნავად გამოიყენება, როგორიცაა „კასაპუნდი“ და „ახალი ძალა“ („Forza Nuova“), რომლებიც ფაშიზმის მიმართ ნოსტალგიას ნამდვილად განიცდილიან. თუმცა, თითქმის ორი წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში მყოფი ჯორჯია მელონის პოლიტიკის გაანალიზების შემდეგ, ჩვენი კორესპონდენტი მის მთავრობას „თანამედროვე ულტრამემარჯვენეს“ უწოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ ის ეჭვქვეშ არ აყენებს კაპიტალიზმს და ლიბერალიზმს, არ ეწინააღმდეგება დემოკრატიას, მას უკიდურესი მემარჯვენეებისთვის დამახასიათებელი ყველა სხვა სხვა ნიშანი აქვს. მაგალითად, იმიგრაციაზე, როგორც მრავალი უბედურების მიზეზზე, მთლიანად უარის თქმა; უსაფრთხოების შესახებ კანონების მიღების ტენდენცია; მცირე დანაშაულისთვის ხანგრძლივი პატიმრობა; ანტისისტემურობის მაღალი დოზა… ჯორჯია მელონი რეგულარულად აცხადებს, რომ ის გახდა შეთქმულების მსხვერპლი, რომელიც ხელს უშლის მას ქვეყნის მართვაში. პრემიერი იტალიელი ერის სიწმინდეს ადიდებს და სახალხო კონსენსუსის დროშას აფრიალებს, რათა გაამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც იტალიელებს ერთმანეთთან აპირისპირებს. ორ წელიწადში მელონიმ იტალიური საზოგადოების მკვეთრი პოლარიზება მოახდინა და ზოგიერთი პოლიტიკური ექსპერტის აზრით, მისი ქმედებებით მარინ ლე პენი და ჯორდან ბარდელა აღფრთოვანებულები არიან.