„ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის „მარჯვენა ხელი“ ერაყის დასავლეთ ნაწილში ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია.
RIA-ს ცნობით, ამის შესახებ ერაყის სახელმწიფო არხი IMN-ი ქვეყნის დაზვერვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ტელეარხის ცნობით, ეს არის „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ომის მინისტრი იად ჰამიდ ალ-ჯუმეილი. მისი ლიკვიდაცია ქალაქ ელ-ქაიმში მოხდა, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ბოლო პუნქტია ერაყის დასავლეთ პროვინცია ანბარში.
„დაზვერვის მასალებზე დაყრდნობით, სამხედრო თვითმფრინავებმა ზუსტი დარტყმა განახორციელეს ერაყის ქალაქ ელ-ქაიმში, “ისლამური სახელმწიფოს” სამხედრო ხელმძღვანელობის შტაბზე,“- ნათქვამია დაზვერვის სამსახურის განცხადებაში. აქვე ნათქვამია, რომ მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების კიდევ ორი ლიდერი, მათგან ერთი თურქეთის მოქალაქეა. ავიადარტყმების ზუსტი თარიღი მითითებული არ არის.