ომის ფასს იხდის მოსახლეობა, ერი, რომელიც წყდება და ნადგურდება, – განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
„ხომ იყო საქართველოში ომი და ვნახეთ, რომ არცერთ მინისტრს, პრეზიდენტს, არავის ნაკაწრი არ ჰქონია. ახლა უკრაინაშიც, ზელენსკი მშვენივრადაა, არაფერი აწუხებს. არცერთ მინისტრს, არავის არაფერი დაშავებია. ომის ფასს იხდის მოსახლეობა, ერი. ერი, რომელიც წყდება და ნადგურდება. 2008 წელსაც ხომ გვაქვს ჩვენ ჩვენი მაგალითი. აი, ორი წლის წინ რაც დაგვიწყეს სხვებმა, ის პოლიტიკა რომ აერჩია ხელისუფლებას, რასაც გვიკიჟინებდნენ, წარმოიდგინეთ ქვეყანაში რა ვითარება იქნებოდა. ვიღაცებს გული რომ სწყდებათ, რომ ზელენსკის თეთრ სახლში ნახეთ როგორ შეხვდნენ, ტაშით, კი ბატონო, ბატონ ბიძინასაც წაიყვანდნენ თეთრ სახლში, დაბეჭდავდნენ Times-ის გვერდზე, გამოაცხადებდნენ, რომ ნობელის პრემიაც ეკუთვნის, მაგრამ ამის ფასი იქნებოდა თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მშვიდობა საქართველოში, დაბომბილი ქალაქები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და არა ეკონომიკა და დოვლათი, რომელიც შეიქმნა“,- აღნიშნა ცაგურიამ.