რუსთავი 2-ის მფლობელები ძმები ყარამანაშვილები ხვალ, რუსთავი 2-ის თანამშრომლებს შეხვდებიან. ცნობილია დრო – შეხვედრა 11:00-ზე ჩაინიშნა.
შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ის შპს ,,საქართველოს” 51%-იანი წილის რუსთავი 2-ის თანამშრომლებისთვის გადაფორმებას ეხება.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის მფლობელმა ლევან ყარამანიშვილმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ მზად იყო „რუსთავი 2“-ის 40% ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის გადაეფორმებინა.
ლევან ყარამანიშვილის ინიციატივის პასუხად ნიკა გვარამიამ უკვე მთელი კოლექტივის სახელით მოითხოვა შპს „საქართველოს“ 100% (ეს კომპანია ამავე დროს ფლობს „რუსთავი 2“-ის 51%-აც). არხის გენერალური დირექტორის განმარტებით, წილი რამდენიმე ადამიანს უნდა გადაეცეს. პასუხად ყარამანიშვილმა თქვა, რომ ის მზად არის, დათმოს შპს „საქართველოს“ წილი არა მთლიანად, არამედ 51%, რომელიც ყველაზე „ღიად და სამართლიანად“ გადანაწილდება.
შეთავაზების პასუხის პასუხად ნიკა გვარამიამ თქვა, რომ რამდენიმე ადამიანი დააფუძნებს შპს „რუსთავი 2“-ის გუნდს“. გენერალური დირექტორის ამ ინიციატივას ყარამანიშვილმა „გაურკვეველი შუამავალი“ უწოდა და ახალ ინიციატივას არ დაეთანხმა. წილი ყველას უნდა გადაუნაწილდეს თანაბრად და არა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, – კიდევ ერთხელ დააზუსტა არხის მფლობელმა.
თუმცა, მფლობელის ასეთი პოზიციის მიუხედავად, ნიკა გვარამიამ, „რუსთავი 2“-ის კოლექტივთან ერთად, შპს „საქართველოს“ 51%-ის გადანაწილება დაიწყო – ეს პროცესი, გვარამიას მითითებით, ჯერ გადაიღეს და შემდეგ ეთერშიც გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ არხის ზოგიერთი წამყვანი სახე თათბირს ვერ დაესწრებოდა, ის მაინც ჩაატარა, თუმცა, ამ პროცესმა ნანუკა ჟორჟოლიანის, ვანო ჯავახიშვილისა და სხვების პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია. მათ წილების გაყოფის ეთერით გადაცემა არ მოეწონათ. ბევრი არც წილების გაყოფის პროცედურამ დააკმაყოფილა.