სასულიერო პირები არ შიმშილობენ, ეს სასულიერო პირისგან არასწორი ქმედებაა, – ამის შესახებ საპატრიარქოს პენიტენციალურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა, რითაც მამა გიორგი მამალაძის მიერ შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სინოდის წევრებთან და პატრიარქთან შეხვედრა არანაირი პრობლემა არ არის.
„შეიძლება რომ მისი მღვდელმთავარი, მეუფე დიმიტრი შევიდეს და მოინახულოს. ალბათ, თავად უნდა მოითხოვოს“, – განაცხადა დეკანოზმა.
მამა გიორგის თქმით, „როდესაც პატიმრები შიმშილობენ, მათ სასულიერო პირები მიმართავენ, რომ შიმშილობა არ შეიძლება, სასულიერო პირისგან შიმშილი კი ცოტა უცნაურია“.
„სასულიერო პირები არ შიმშილობენ. ჩვენი პროტესტის გამოხატულებაა ლოცვა უფლის წინაშე. როდესაც პატიმრები შიმშილობენ, ვარიგებთ, რომ შიმშილობა არ შეიძლება. სასულიერო პირისგან შიმშილი ცოტა უცნაურია“, – განაცხადა მამა გიორგიმ.