გარეგნულად, ის ჩვეულებრივ მატარებელს ჰგავს, რომელიც სადგურიდან გასვლას ელოდება, მაგრამ თუ მის დაბურულ ფანჯრებში შეიხედავთ, დაინახავთ, რომ ლეიბებზე დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები წვანან. ამ მატარებლს, რომელსაც სამხედროები მართავენ, დაჭრილი ჯარისკაცები ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარე საავადმყოფოებში მიჰყავს. რუსეთის შეჭრიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში, ომის შედეგად განადგურებულ აღმოსავლეთ უკრაინაში მრავალი სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა ან მთლიანად დაინგრა, ხოლო გადარჩენილი საავადმყოფოები გადატვირთულია. ევაკუაციას სამხედრო ექიმი, ალექსანდრე მეთვალყურეობს, რომელიც მიიჩნევს, რომ სარკინიგზო ტრანსპორტს გარკვეული უპირატესობები აქვს: ერთდროულად ბევრი ადამიანის გადაყვანა შეუძლია და თანაც, საჰაერო სივრცეში რუსეთის უპირატესობის გათვალისწინებით, უფრო უსაფრთხოა, ვიდრე დაჭრილი ჯარისკაცების ვერტმფრენით გადაყვანა.
მაგრამ ასევე არსებობს რისკი. „ამ ომში მტერი სამედიცინო და სამხედრო პერსონალს არ განასხვავებს, ამიტომ უსაფრთხოების გარკვეულ ზომებს ვიღებთ“, – ამბობს 46 წლის ალექსანდრე. სააგენტო „ფრანს პრესმა“ ცოტა ხნის წინ მიიღო მედია-წვდომის უფლება მატარებელზე, რომლის მარშრუტის საწყის და საბოლოო პუნქტებს, უსაფრთხოების მიზეზების გამო, შეგნებულად არ ასახელებს.
„ყველაფერი მოძრაობს“
სადგურზე, სასწრაფო დახმარების მანქანებით, ათეულობით დაჭრილი ჯარისკაცი მიიყვანეს, რომლებიც მატარებელში საკაცით შეიყვანეს და საწოლებზე მოათავსეს. მატარებლის შიდა კედლებს უკრაინის დროშები და ბავშვების მიერ დახატული, პატრიოტული მინაწერებით შემკობილი ნახატები ამშვენებს. ვაგონები საავადმყოფოს შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მატარებელი პლატფორმას არ დატოვებს და პაციენტებისა და პერსონალის რწევას არ დაიწყებს. „ყველაფერს, ჩვეულებრივი ინტრავენური ინექციებიდან ინკუბაციამდე, გზაში ვაკეთებთ“, – ამბობს ექთანი ვიქტორია, რომელსაც ხაკისფერი სამოსი აცვია და ლურჯი სამედიცინო ხელთათმანები უკეთია.
„შემდეგ თავბრუ გვეხვევა ხოლმე“, – ამბობს ფანჯრის წინ მდგომი 25 წლის გოგონა, რომლის უკანაც უკრაინული პეიზაჟები სწრაფად იცვლება. ფრონტზე წინ და უკან მოგზაურობამ ვიქტორიას მტკივნეული წარმოდგენა შეუქმნა იმის შესახებ, თუ რა ჯდება კონფლიქტი, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება. „ახლა ვხვდები, რამდენი ადამიანია დაჭრილი. ძალიან რთულია ყოველდღე ამის ყურება“, – ამბობს ის. კიევი, მოსკოვის მსგავსად, დაღუპული ჯარისკაცებს რაოდენობას არ ასახელებს.
თებერვალში პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაღუპული უკრაინელი სამხედროების რიცხვი დაახლოებით 31 000-ია, რაც დამკვირვებლების ვარაუდით, შემცირებული მაჩვენებელია, ომში დაკარგულთა და დაჭრილთა რაოდენობა კი არასოდეს გამჟღავნებულა.
სხვებზე წუხილი
სამედიცინო პერსონალის თქმით, დაჭრილთა უმეტესობა საარტილერიო ან საავიაციო თავდასხმების შედეგად დაშავდა, ბევრს კიდურები ამპუტირებული აქვს ან უგონო მდგომარეობაშია. ერთ ვაგონში სარეანიმაციო განყოფილებაა მოწყობილი და ფორსმაჟორის შემთხვევაში, აქ ექიმებს შეუძლიათ, პაციენტებს ოპერაციაც კი გაუკეთონ. თუმცა, შეიძლება მოვლენები არასასურველადაც განვითარდეს: პერსონალის მთავარი პრობლემაა მასიური სისხლდენა – არაპროგნოზირებადი და სწრაფი მკვლელი. „პერსონალი ყოველთვის პაციენტის გვერდით არის“, – განმარტა ალექსანდრემ და დასძინა, რომ ტუალეტში ან საჭმელად ისინი რიგრიგობით მიდიან.
მოძრავ მატარებლებზე ავადმყოფების მოვლასთან დაკავშირებული ლოგისტიკური პრობლემების მიუხედავად, დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობა სხვა პრობლემებთანაც არის დაკავშირებული. „მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კარგი ნამდვილად არ ეთქმის“, – განუცხადა „ფრანს პრესს“ სამედიცინო პერსონალის თანამშრომელმა ელენამ. „კიდურის დაკარგვაზე ან სხვა რამეზე ნაკლებად ნერვიულობენ. ის უფრო აწუხებთ, რაც მათ მეგობრებს და მათ ოჯახებს დაემართათ“, – დასძინა მან.
„შვებით ამოსუნთქვა“
მატარებელში მყოფი ერთი უკრაინელი ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი და მას შემდეგ მკურნალობდა, რაც მას ჩასაფრებული რუსების ცეცხლის ქვეშ მოჰყვა, რის შედეგად მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი დაიღუპა. „დავალებაზე ოთხნი წავედით, მაგრამ უკან ყველა ვერ დაბრუნდა“, – ამბობს 28 წლის ბიჭი, რომელიც თავს მურჩიკად მოიხსენიებს. ის უკვე იმის ფიქრსა და ანგარიშშია, როდის შეძლებს ფრონტზე დაბრუნებას, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები, რუსების შეტევების ფონზე, პოზიციებს კარგავენ. საკითხს, შეძლებს თუ არა მურჩიკი სამხედრო სამსახურში დაბრუნებას, სამედიცინო კომისია გადაწყვეტს, თუმცა თავად ამბობს, რომ ამის დიდი სურვილი აქვს.
„დაბრუნება მინდა“, – განუცხადა მან „ფრანს პრესს“. საევაკუაციო მატარებლის გამოყენება უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ამით მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებული მეთოდი აღორძინდა და ახლა დაჭრილი ჯარისკაცები ფრონტის მთელი ხაზიდან საავადმყოფოდ გადაკეთებული რამდენიმე მატარებლით გაყავთ. როდესაც ალექსანდრეს მატარებელი დანიშნულების ადგილზე მიდის, მას იქ უკვე ელოდებიან სასწრაფო დახმარების მანქანები, რათა დაჭრილი მეომრები საავადმყოფოში გადაიყვანონ.
„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სტრესულია და შვებით ამოისუნთქავთ ხოლმე, როდესაც ადგილზე ჩავდივართ და დაჭრილებს ადგილობრივ საავადმყოფოს გადავცემთ. გულზე გვეშვება, როდესაც ვხედავთ, რომ სასწრაფო დახმარების ყველა მანქანა უკვე წავიდა და პლატფორმა და მატარებელი ცარიელია“ – დასძინა მან.