არაერთხელ მოგვისმენია მუქარა ჩვენი „მეგობრებისგან“, ჩვენი არაერთი გაშავების მცდელობა იყო. რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებდნენ, ხან სააკაშვილს ვკლავდით თურმე, ხან „მისტერ ოფშორი“ რომ დაარქვეს თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა, კეზერაშვილი თურმე მედია მენეჯერი ყოფილა, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ევროსაბჭოს მინისტერიალზე.
მისივე თქმით, „ასეთ სიგიჟეებზე რეზოლუციებს რეზოლუციებზე იღებდნენ“.
„ხან სანქციებით გვემუქრებოდნენ, ხან კანდიდატის სტატუსის არ მიღებით და ა.შ. მაგრამ ჩვენ გეგმაზომიერად მივყვებით იმ რეალურ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ევროინტეგრაციას გააძლიერებს. შიდა თემებში, რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ვმუშაობთ, მათ შორის არის კანონის უზენაესობა, მათ შორის არის ეკონომიკის დივერსიფიცირება. მაგალითად, საგარეო ვაჭრობაში საქართველო ევროპასთან პირველ ადგილზე გავიდა“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
მან ასევე ისაუბრა რადიკალურ ოპოზიციასა და მათ ლობისტებზე.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ, აქ იყვნენ ჩამობრძანებულები, პირობითად, „როთები“ დავარქვათ, ვადაგასული პოლიტიკოსები. როთმა გვითხრა ქართველებს, მართლმადიდებლებს, რომ თქვენი ახალგაზრდები ეკლესიისგან და მართლმადიდებლობისგან კარგს ვერაფერს ისწავლიანო. აი, ეს გვითხრა ამ „ჯიგარსონმა“ და შემდეგ როდესაც იყო ჩამოსული მიტინგზე, ამ უსამშობლოების მიერ მოწვეული, აბა ესენი სხვას ნორმალურს ვის მოიწვევდნენ, მერე გამოგვიცხადა, რომ მე აქ პოლიტიკას ვამთავრებო. პოლიტიკაში ჩემი მოღვაწეობა ამით მთავრდებაო. რეალურად რა ხდება, იქ თავიანთ ქვეყნებში მხარდაჭერა არ აქვთ. საკუთარ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში ხალხმა თქვა, რომ შოლცს და ამათ მთავრობას არ აქვს მხარდაჭერაო. ე.ი. ვადაგასული პოლიტიკოსები, რომლებსაც ლეგიტიმაცია საკუთარ ქვეყანაში არ აქვთ, აქ ჩამოდიან და მორალს გვიკითხავენ.
რაც შეეხება მინისტერიალს, მათ შორის იყო, თუ არ ვცდები, ლიეტუვის ერთ-ერთი ჩინოვნიკი საგარეო მიმართულებით, ლანდსბერგისი, „ნაცების“ გამოკვეთილი ლობისტი და მხარდამჭერი. ამასაც დასაყრდენი არ აქვს. საკუთარ ქვეყანაშიც მხარს არ უჭერენ და მისი პარტია ჩამოიშალა, კოალიცია დაიშალა. აი, ასეთი ადამიები, რომლებიც დგანან ლობისტური დახმარებების, ლობისტური კომპანიების დაფინანსებით, შემდეგ რასაც გინდა იმას ათქმევინებ, შეთქმულებაა ჩვენს წინააღმდეგ, ქართველების წინააღმდეგ. ყველაფერს აკეთებენ, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.