თუ რეალურად ჩახსნიან სიებს, უარს იტყვიან მიღებულ მანდატებზე, რისი ალბათობაც ძალიან მცირეა, ფაქტობრივად, თვითლიკვიდაციას მოახდენენ, იმიტომ, რომ მათ უკვე დაეკარგებათ შესაძლებლობა გამოიყენონ ის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რასაც პარლამენტი წარმოადგენს, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ რადიკალური ოპოზიციის მიერ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ეს ყველა შემთხვევაში ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება.
„ჩემთვის არ არის ცნობილი რამდენად მათ მიმართეს შესაბამის უწყებებს. ამ შემთხვევაში სიების ჩახსნაზე უნდა მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხოლო იმ კონკრეტულმა პირებმა, ვინც არჩეულები არიან პარლამენტის წევრებად, მათ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა დაწერონ შესაბამისი განცხადებები.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ეს ყველა შემთხვევაში ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება, ვინაიდან, თუ ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ უპრინციპობასა და უღირსობას. კიდევ ერთხელ საზოგადოება დარწმუნდება, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ სიცრუით შეუძლია გარკვეული პერფორმანსების და გარკვეული დაპირებების გაჟღერება. თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, ფაქტობრივად თვითლიკვიდაციას გააფორმებენ“, – აღნიშნა მან.
გივი მიქანაძის თქმითვე, 4 ოპოზიციურ პარტიას 61 მანდატი აქვს მოპოვებული და კოორდინაციის შემთხვევაში მათ აქვთ უამრავი შესაძლებლობები რეგლამენტიდან გამომდინარე სხვადასხვა ფუნქციები გამოიყენონ.
„ვნახეთ მთელი წინასაარჩევნო პროცესის დროს, ახლაც, მას შემდეგ რაც არჩევნები დასრულდა, ეს კოორდინაცია რეალურად არ არსებობს. ეს არის მითი და რეალურად მათ შორის კოორდინირებულ მოქმედებებს ადგილი არ აქვს. სპონტანურად ხდება ცალ-ცალკე პარტიების მიერ სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. ამ შემთხვევაში მათ აქვთ უამრავი შესაძლებლობები რეგლამენტიდან გამომდინარე სხვადასხვა ფუნქციები გამოიყენონ ისევე, როგორც დაიკავონ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი თანამდებობები, მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ და რეალურად ჩახსნიან სიებს, უარს იტყვიან მიღებულ მანდატებზე, რისი ალბათობაც ძალიან მცირეა, ამ შემთხვევაში ისინი, ფაქტობრივად, თვითლიკვიდაციას მოახდენენ. მათ უკვე დაეკარგებათ შესაძლებლობა გამოიყენონ ის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რასაც პარლამენტი წარმოადგენს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.