სამომავლო გეგმა იქნება დღეს, ან ხვალ – ეს არის რადიკალური ოპოზიციის ყოველდღიური რეალობა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის გეგმებზე კომენტირებისას.
„რა მუხტზე უნდა ვილაპარაკოთ და რა გეგმებზე უნდა ვილაპარაკოთ. მათი გეგმა არის, რომ გეგმა იქნება ხვალ ან ზეგ, ყოველდღიური გეგმა ეს არის. ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს, როდესაც შენ ატყუებ საზოგადოებას, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა უკვე ჩიხში შედიხარ შენ თვითონ, ჩიხში შეიყვანეს თავი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ 300 ათასი ხმის გაყალბებაში სდებს ბრალს, რასაც არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი ელექტრონული არჩევნების პირობებში არ დაიჯერებს.
„ისეთ ტყუილებში გაიხლართნენ, რომ ჩიხური სიტუაცია თავად შექმნეს. ვერც პატრონებთან ვეღარ ლაგდებიან იმიტომ, რომ ისინი მათ დავალებებსაც ვეღარ ასრულებენ, ხალხთანაც მისასვლელი აღარ აქვთ და გუშინ ნახეთ ხომ აქცია ჩაატარეს. რამდენიმე ასეული ადამიანი ძლივს მოიყვანეს, ვერცერთი ვეღარ გამოჩნდა, ერთი საერთოდ სადღაც გაიპარა, ერთი თუ ორი ლიდერი, მე მგონი, ისიც არ იყო მოსული აქციაზე. დაიმალნენ, თავის ხალხს ემალებიან, ხალხზე აღარ არის ლაპარაკი, თავის აქტივისტებს ემალებიან“, – აღნიშნა მდინარაძემ.