„ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული შეთანხმებიდან რამდენიმე საათში, ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ცეცხლი ლიბანის ტერიტორიაზე რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების მიმართულებით გახსნეს, რათა მათთვის შეზღუდულ ზონაში შესვლა შეეფერხებინათ.
ცეცხლის გახსნის შემდეგ სატრანსპორტო საშუალებები უკან გაბრუნდნენ.
თავდაცვის ძალებს არ დაუზუსტებიათ, მოჰყვა თუ არა შემთხვევას მსხვერპლი.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა სამხედროებს მისცა მითითება, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინსვლის საპასუხოდ „იმოქმედონ კომპრომისების გარეშე“.
„ჰეზბოლას“ ნებისმიერი იდენტიფიცირებული წევრი, რომელიც უახლოვდება შეზღუდულ ტერიტორიებს, უნდა დააპატიმრონ და თუ ისინი საფრთხეს უქმნიან ისრაელის თავდაცვის ძალებს, უნდა მოხდეს მათი ლიკვიდაცია“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.