ყველას დავიცავთ ლიბერალური ფაშიზმისგან, იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი.
„ხედავთ, რომ არის ე.წ. ბულინგის მცდელობა საჯარო მოსამსახურეებზე, პედაგოგებზე და მოსწავლეებზეც კი, სკოლის მოსწავლეებზეც. წარმოუდგენელია, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. და არის ე.წ. ბულინგი მედიის წარმომადგენლებზე, გუშინდელი ფაქტიც ვიხილეთ, რაც ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. კეზერაშვილის ტელევიზიის წარმომადგენლები ცდილობენ შეიჭრან საზოგადოებრივ მაუწყებელში.
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საზრდოობენ კრიმინალური ფულით, ეს არის თავის დროზე ქართული ჯარიდან მოპარული ფულით, ეს არის ბიზნესის რეკეტითა და ევროპელი პენსიონერების ძარცვით ნაშოვნი ფულით. ეს ადამიანები ამ შავ ფულს იღებენ ხელფასად და ახლა ცდილობენ, შეიჭრან საზოგადოებრივ მაუწყებელში, არამარტო ხელფასად იღებენ, მე რა ინფორმაციაც მომაწოდეს, ერთ-ერთი ე.წ. ჟურნალისტი, რომელიც ცდილობდა შეჭრას, გუშინწინ, თუ არ ვცდები, შეიძლება გუშინაც იყო, თავად არის „ქოლცენტრის“ მფლობელის მეუღლე. ამ კაცს აქვს „ქოლცენტრი“ ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანაში, არ დავაკონკრეტებ, ასეთი ადამიანებისგან, რა თქმა უნდა, ყველაფერია მოსალოდნელი. ჩვენ დავიცავთ ყველას ლიბერალური ფაშიზმისგან, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი, ყველას დავიცავთ ამგვარი ე.წ. ბულინგისგან, ლიბერალური ფაშიზმისგან, ამას გავაკეთებთ მთელი პასუხისმგებლობით“, – განაცხადა პრემიერმა.