2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინამ ზრდასრული მამაკაცების უმეტესობას ქვეყნის დატოვება აუკრძალა. „როიტერთან“ ინტერვიუში უკრაინელი ახალგაზრდები, მათი ოჯახის წევრები, სამხედრო რეკრუტირების ოფიცრები და თანამშრომლები იმ დილემაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლის წინაშეც ათასობით ახალგაზრდა სრულწლოვანების ასაკის მოახლოვებისას დგება: ქვეყანაში დარჩენა თუ საზღვარგარეთ წასვლა?
ომი უკვე მესამე წელია გრძელდება, რომლის მიმდინარეობისას, რუსეთმა ახალი ტერიტორიები დაიპყრო, უკრაინა კი სასოწარკვეთილი ცდილობს თავისი ამოწურული სამხედრო რეზერვების შევსებას და გადაღლილ მებრძოლთა რიგების განახლებას.
ევროკავშირის მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნიდან გაქცეული მილიონობით ადამიანიდან, ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, 190 000-ზე მეტი 14-დან 17 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის უკრაინელი არასრულწლოვანი დარეგისტრირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკრაინაში გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდა, მოკავშირეები ოფიციალური კიევისგან დაჟინებით ითხოვენ უფრო ახალგაზრდა მოქალაქეების რეკრუტირებას, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ოთხშაბათს, 4 დეკემბერს, სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწია. „მაგალითად ის, რომ ბრძოლაში უფრო ახალგაზრდებიც უნდა ჩაერთონ. ახლა საომარ მოქმედებებში18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები არ მონაწილეობენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის გაკეთება აუცილებელია“, – აღნიშნა ბლინკენმა.
როგორც „როიტერი“ იუწყება, უკრაინელ სამხედროებსა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს რეკრუტირების დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რომან ბილეცკის და ანდრეი კოტიკის საქმეები
18 წლის შესრულებამდე ერთი თვით ადრე, კიევის მკვიდრმა, რომან ბილეცკიმ ოჯახი დატოვა და დასავლეთში მიმავალ მატარებელში ჩაჯდა, რათა უკრაინიდან გაქცეულიყო და საკუთარ ქვეყნის დასაცავად ბრძოლისთვის თავი აერიდებინა.
„ეს იყო ბილეთი ცალმხრივი მიმართულებით. ვფიქრობდი, რომ ვინანებდი, თუ ამას არ გავაკეთებდი“, – განაცხადა მოზარდმა, რომელსაც ძალიან ეშინოდა იმის, 18 წლის ხდებოდა. ბელეცკიმ გაიხსენა, რა მძიმე იყო ოჯახისთვის ქვეყნიდან მისი გამგზავრება და ჩემოდნების ჩალაგების პროცესი.
„მტკივნეულია იმ ყველაფრის გახსენება… მაშინ ჩვენ ემოციების გარეშე ვმოქმედებთ. ოჯახში ყველა იმ აზრზე ვიყავით, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი“, – იხსენებს ბილეცკი, რომელიც ამჟამად სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავის უნივერსიტეტში ბიზნესის მენეჯმენტს სწავლობს.
ბელეცკის დედას, სვეტლანა ბელეცკაიას ცრემლი არ შეშრობია იმ დროიდან, რაც შვილს დაემშვიდობა და თებერვალში მატარებელი, რომელშიც რომანი იჯდა, კიევის ვაგზლის პლატფორმიდან გავიდა. ბელეცკაია დარწმუნებულია, რომ მისი შვილი სახლში მალე არ დაბრუნდება.
„ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორედ მივიქეცით, რადგან მის მომავალს საფრთხე ემუქრებოდა. ვერ წარმომიდგენია, სხვა შემთხვევაში, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით“.
თუმცა, ყველა უკრაინელი ახალგაზრდა ასე არ მოქცეულა. მაგალითად, ომის დასაწყისში, 2022 წელს, ანდრეი კოტიკი, როდესაც ის 18 წლის გახდა, ჯარში წავიდა.
სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა და ავტომატური იარაღით თავის პოსტზე მყოფმა 21 წლის მამაკაცმა, რომელიც დრონებით შეტევის დროს დაზიანებული თავის სამხედრო მანქანის შეკეთებას ელოდება, ხარკოვის ოლქში (ჩრდილო-აღმოსავლეთი უკრაინა) „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა: „მე ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე, რომ სამხედრო სამსახურში უნდა წავსულიყავი“.
„ჩემს თავს ვუთხარი: საკუთარი ქვეყანა უნდა დავიცვა, ჯობია ვიმსახურო, ვიდრე გავიქცე“, – დაამატა ანდრეი კოტიკმა.
კოტიკმა მუსიკალური სასწავლებელი მანამდე დაასრულა, სანამ ომი იძულებულს გახდიდა, ოთხ მეგობართან ერთად ჯარში წასულიყო. 2022 წლის ბოლოს, ის სამხრეთ უკრაინაში ხერსონის განთავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობდა.
„პირველი ორი სამხედრო მისია ძალიან, ძალიან საშინელი იყო. მერე შევეჩვიე“, — ამბობს ქვეითი, რომელიც ახლა 21 წლისაა.
ანდრეი აღიარებს, რომ ომმა ძალიან შეცვალა, ასევე ამბობს, რომ ბავშვური ოცნებებისგან განთავისუფლდა. თუმცა, მაინც იმედოვნებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სიმღერას დაუბრუნდება და აუცილებლად დაქორწინდება. მისივე თქმით, ესმის, რატომ გადაწყვიტა ბევრმა ახალგაზრდამ ქვეყნის დატოვება და მათ დაგმობას არ აპირებს, თუმცა, მიუღებელია ისიც, რომ ვინც საბრძოლველად დარჩა, ძალიან გადაიღალა.
„ბიჭები ძალიან დაიღალნენ, ისინი სხვებმა შეცვალონ“.
უკრაინელი ჯარისკაცების საშუალო ასაკი უცნობია. კანადის ელჩი უკრაინაში აცხადებს, რომ ის 40 წელს შეადგენს. თუმცა, კიევი ამ მონაცემებს არ ასაჯაროებს.
ზოგიერთი ოფიციალური პირი, მათ შორის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება, ღიად აკრიტიკებს სამხედრო სამსახურის ასაკის მამაკაცებს კონფლიქტის ესკალაციის დროს საზღვარგარეთ ცხოვრების გამო, რადგან მათგან განსხვავებით, სხვები ამ დროს თავიანთი ქვეყნისთვის იბრძვიან და იღუპებიან.
კიევში კარგად ცნობილი მე-3 მოიერიშე ბრიგადის რეკრუიტერის, ვლადიმერ დავიდიუკის თქმით, არმიას მეტი ახალგაზრდა მებრძოლი სჭირდება, რომლებსაც მოტივაციისა და წინააღმდეგობის გაზრდა შეუძლიათ.
„ომი 40 წლის მამაკაცისთვის და 20 წლის ბიჭისთვის სულ სხვადასხვა რამეა“, – ამბობს დავიდიუკი.
„ქარტიის ბრიგადა“, რომელიც კოტიკშია განთავსებული, იმ ახალგაზრდების მოზიდვას ცდილობს , რომლებიც ცხოვრების გზაჯვარედინზე არიან – საშუალო სკოლას ან უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებენ.
დანიილ ველიჩკო, რომელსაც ბრიგადის დაკომპლექტება აბარია, აცხადებს, რომ ახალგაზრდები ბრიგადის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ, საბრძოლო დანაყოფის წევრების საშუალო ასაკი კი 32 წელს აჭარბებს.
დეფიციტის ფასი
კადრების ნაკლებობა უკრაინაში, სადაც ომამდე დაახლოებით 41 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, მხოლოდ შეიარაღებული ძალებში არ იგრძნობა. კონფლიქტმა ასევე მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას: ამ სფეროში მუშახელის მწვავე დეფიციტი მოქალაქეების ფრონტის ხაზზე გაწვევის, შობადობის მკვეთრი ვარდნისა და ხალხის საზღვარგარეთ გაქცევის გამო შეიქმნა.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის პირველ ექვს თვეში უკრაინაში 87 655 ბავშვი დაიბადა, რაც 2021 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (132 595 ახალშობილი) მესამედით ნაკლებია. ამასთან, გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანა სხვადასხვა ასაკის თითქმის შვიდმა მილიონმა მოქალაქემ დატოვა.
კიევი უცხოეთში ახალი ადამიანის წასვლისთვის ხელის შეშლას და საზღვარგარეთ მყოფთა ქვეყანაში დაბრუნებას ცდილობს. სამშაბათს, 3 დეკემბერს პარლამენტმა ახალი უწყების – ეროვნული ერთიანობის სამინისტროს – ხელმძღვანელი დაამტკიცა, რომელსაც ქვეყანაში მოქალაქეების დაბრუნების პოლიტიკის შემუშავება ევალდება.
დაბრუნება კი ადვილი არ არის: რუსეთი ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს, უკრაინის ენერგოსისტემა რაკეტებით ნადგურდება, ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ კი დასავლეთის მხარდაჭერის დონე გაურკვეველი რჩება.
