2008 წელს, როდესაც სააკაშვილმა ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება და რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი წევრია, მაშინ ვთქვი, რომ ეს ადამიანი შეშლილია და საკუთარ ქვეყანას გაანადგურებს, რამდენიმე კვირაში კი ომიც მოვიდა, – განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში კოლუმბიის უნივერსიტეტის „მდგრადი განვითარების ცენტრის“ დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა.
„2008 წლის გაზაფხულზე, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ჩამოვიდა, ის ეწვია „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“. ეს ორგანიზაცია ამერიკული ისტებლიშმენტისთვის მშობლიურია, მე კი როგორც ათასობით სხვა, ამ საბჭოს წევრი გახლავართ. მიმიწვიეს სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე და ცნობისმოყვარეობამ მძლია. მათი ოფისი ჩემ სახლთან ახლოს არის და ფეხით გავეშურე.
სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ევროპის შუაგულშია, რომ საქართველო ევროპაა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება და რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი წევრია. გეოგრაფიისა და პოლიტიკის მეც გამეგება ცოტა, ღონისძიება დავტოვე და მეუღლეს შევეხმიანე და მას ვუთხარი, რომ ეს ადამიანი შეშლილია. ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანას გაანადგურებს.
ასევე მსურს მოგახსენოთ, რომ რამდენჯერაც სააკაშვილი საქართველოს ევროპის შუაგულში მდებარეობაზე საუბრობდა, იმდენჯერ ისმოდა მქუხარე აპლოდისმენტები. „საგარეო ურთიერთობათა საბჭოში“ სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ. საქართველო ნატოში გაწევრიანდება – ამბობდა სააკაშვილი და ისმოდა მეტი აღტყინება! მე კი ვიცოდი, რომ ეს გახლდათ სრულიად უპასუხისმგებლო საუბარი, ეს გახლდათ სრული პროვოკაცია და რამდენიმე კვირაში კი ომიც მოვიდა. ეს გახლდათ საშინელება, მაგრამ ამავე დროს სრულიად მოსალოდნელი! ეს გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წაქეზებული, ვინაიდან ვინმე ზრდასრულს უნდა დაერიგებინა სააკაშვილი, რომ მის მიერ ამგვარი განცხადებების გაკეთება მისთვისვე იყო საშიში და დამანგრეველი. იყავი ფრთხილად, იყავი წინდახედული, ნუ მოუწყობ შენს ძლევამოსილ ჩრდილოელ მეზობელს პროვოკაციას.
ამერიკის შეერთებული შტატები შენი მეზობელი არ არის, ამერიკის შეერთებული შტატები ათასობით კილომეტრის დაშორებითაა, ეს მეზობელი კი შენს ცხვირწინაა. ასე რომ იყავი ფრთხილად! სააკაშვილისთვის ეს არავის უთქვამს, მას მხოლოდ ტაშს უკრავდნენ“, – განაცხადა საქსმა.