კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას, პრემიერ-მინისტრს ინგრიდა შიმონიტეს და საგარეო საქმეთა მინისტრს კიასტუსის ბუდრის მიმართვას უგზავნის.
მიმართვის ტექსტში აღნიშნულია, რომ ლიეტუვის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა საქართველოს მოქალაქე გიორგი კობახიძეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მამა.
„მინდა საგანგებოდ აღვნიშნო, ევროპული პორნოლიბერალიზმის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ლიეტუვის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ადამიანს იმ მიზეზით, რომ ის არის მშობელი. თქვენ დაასანქცირეთ საქართველოს მოქალაქე გიორგი კობახიძე მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მამა.
მინდა გაგახსენოთ, რომ მსგავსი სამარცხვინო გადაწყვეტილება არც საბჭოთა ტოტალიტარულ და არც ნაცისტურ რეჟიმებს არ განუხორციელებიათ! თუმცა, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ლიეტუვის იდეოლოგების, ევროკავშირის დეპუტატების, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის მიხეილ გორბაჩოვის თანამებრძოლების ამხანაგების იუკნევიჩიანეს და კუბილიუსის, ღვაწლსა და როლს საბჭოთა კავშირში „ЗА ПЕРЕСТРОЙКУ“-თვის ბრძოლაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენს მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი ადამიანების ხვედრი გასაკვირად ლმობიერია.
შემდეგი მოსალოდნელი ნაბიჯი თქვენი მხრიდან, შეიძლება ვივარაუდოთ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანა, რათა საქართველოს მოქალაქე მამაკაცებს აეკრძალოთ შვილების ყოლა, ვინძლო, არ მოხდეს მათ მიერ პოტენციური პრემიერ-მინისტრის ჩასახვა.
რაც შეეხება თქვენი მონა-მორჩილის სანქცირების პროცესს, თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩემი მშობელი მამის დასანქცირებას, ჩემი გაჩენისათვის, აუცილებლად შესაბამის ბრძანებაში მიუთითეთ: სანქცირებულია – „ПОСМЕРТНО“! ვინაიდან ჩემი აწ მამა გარდაცვლილია.
P.S. თუ აღმოჩნდა, რომ პუტინის რუსეთთან ღვინით ვაჭრობის პროცესში, თქვენი მარაგები იწურება და მოსალოდნელია, შეფერხება, მზად ვართ, მადლიერების ნიშნად, ჩვენი ოჯახური საწარმოს „ხაინდრავას მარანი“ მარაგებიდან, შეღავათიან ფასებში მოგაწოდოთ ქართული ღვინის საუკეთესო ნიმუშები.
ლიეტუველი ხალხისადმი ტრადიციული პატივისცემით, კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა“, – აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.
ასევე მითითებულია, რომ მიმართვის ასლი ლიეტუვის ელჩს საქართველოში, დარიუს ვიტკაუსკას გადაეგზავნება.