საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში ისტორიაში პირველად პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „KARATE 1 – Serie A“ მიმდინარეობს. ტურნირში 87 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს.
ტურნირის პირველ დღეს „თბილისი არენაზე“ ფინალურ ბრძოლებს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო, რომელმაც ტურნირის პრიზიორები დააჯილდოვა, დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც.
სპორტის მინისტრმა ასევე სამუშაო შეხვედრა გამართა მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტ ანტონიო ესპინოსისთან და ევროპისა და მსოფლიოს ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის უფროს ხავიერ ესკალანტესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტული კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიგნაძე და საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გოგიტა არქანია.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ტურნირზე, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოში სპორტული კარატეს განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისში მიმდინარე ტურნირი 2025 წელს კარატეს მსოფლიო ფედერაციის პირველი ღონისძიებაა. საქართველო „KARATE 1 – Serie A“-ს 2026 და 2027 წლებშიც უმასპინძლებს. ამჯერად საქართველოს ღირსებას ტურნირზე 20 სპორტსმენი იცავს, ჩემპიონატი 12 იანვარს დასრულდება.