სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ოფიციალურად შესთავაზებს თავის ქვეყანას შეხვედრის ადგილად. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა.
ვუჩიჩის თქმით, მას შეუძლია, უზრუნველყოს პრეზიდენტებისთვის უსაფრთხოების სათანადო დონე.
„ეს არის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტ ტრამპს მთელ ევროპაში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც სერბეთს შეედრება ტრამპის მხარდაჭერის დონით… მეორე მხრივ, სერბეთი ასევე არის ქვეყანა, სადაც ძალიან, ძალიან პოპულარულია პრეზიდენტი პუტინი. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის ადგილი, რომელიც ორივესთვის ძალიან კარგად გამოდგება“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე მუშაობს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ორგანიზებაზე.