ლოს ანჯელესის ოლქში ევაკუაციის ბრძანება 88 000 ადამიანზეა გაცემული, – ამის შესახებ ლოს ანჯელესის ოლქის შერიფმა, რობერტ ლუნამ განაცხადა.
როგორც პრესკონფერენციაზე ლუნამ აღნიშნა, დამატებით 84 000 მცხოვრები საევაკუაციო გაფრთხილების ქვეშ არის. მისივე თქმით, გაფრთხილების მიღებისთანავე მოსახლეობამ უნდა დაიწყოს მზადება.
„სინამდვილეში, ჩვენ გირჩევთ წახვიდეთ. ნუ დაელოდებით ბრძანებას“, – აღნიშნა მან.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი შტატიდან დაახლოებით 8 500 მეხანძრეა ჩართული.
ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში ოლქში ძლიერ ქარია მოსალოდნელი.
ლოს ანჯელესში მასშტაბური ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. დამწვარია 12 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ ეს ხანძარი, შეიძლება, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ ბუნებრივ კატასტროფად იქცეს. ამერიკული მედიაორგანიზაციის, AccuWeather-ის წინასწარი შეფასებით, კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა ამ დროისთვის 150 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.