საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად განწესებული მოსამართლეების – გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და მათ უფლებამოსილების დაწყება მიულოცა.
გოგა კიკილაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დანიშნა, სერგო მეთოფიშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება ფიცის დადების დღიდან იწყება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებულ როლსა და მოსამართლის სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ გამოცდილებას, სახელმწიფოებრივ ტრადიციებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას განასახიერებს და თითოეული მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს იცავს.
მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე გეოპოლიტიკური და საერთაშორისო სამართლებრივი გამოწვევების პირობებში ქვეყნის შიგნით კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობაზეც.
მიხეილ ყაველაშვილმა გოგა კიკილაშვილსა და სერგო მეთოფიშვილს საპასუხისმგებლო საქმიანობის დაწყება მიულოცა და პროფესიული წარმატება უსურვა.
გოგა კიკილაშვილი იურიდიულ და აკადემიურ საქმიანობას ეწევა. მას დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა, პროფესიული განათლება მიღებული აქვს გერმანიასა და შვედეთში. იგი სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა, იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, ხოლო 2023 წლიდან – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
სერგო მეთოფიშვილს მრავალწლიანი სამოსამართლო გამოცდილება აქვს. მისი კარიერა 2009 წელს დაიწყო. სხვადასხვა პერიოდში იგი საქმიანობდა რაიონულ სასამართლოებსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში, იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების მოსამართლე და თავმჯდომარე. 2016 წელს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო 10 წლის ვადით განწესებული ცხრა მოსამართლისგან შედგება. მათგან სამ მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამს – საქართველოს უზენაესი სასამართლო.
ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტთან ერთად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები და ბათუმის მერი ესწრებოდნენ.
