მინდა ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციას პირველ რიგში მივუსამძიმრო, რომ ჩვენი აქედან ყველანაირი მიზეზის გარეშე გაშვების პროექტი ჩაუვარდათ, – განუცხადა ჟურნალისტებს სტრასბურგში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.
„კომიტეტს ცალსახად ვუთხარი, რომ 2028 წლამდე არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არ არის დაგეგმილი. ეს მათ იციან და ჩემი ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი ვერ იქნება. არ მოეწონათ, მაგრამ „ქართული ოცნების“ პოზიცია ასეთია. ასევე ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის პოზიციაც, რომ არჩევნები ერთხელ უკვე ჩატარდა და გაიმარჯვა იმან, ვინც გაიმარჯვა.
შესაბამისად, პროცედურა იქნება ახლა შემდეგი – მინდა ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციას პირველ რიგში მივუსამძიმრო, რომ ჩვენი აქედან ყველანაირი მიზეზის გარეშე გაშვების პროექტი ჩაუვარდათ. ასევე, ყველა იმ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დერეფანი ათია და ყველგან რამდენიმეა, მათაც მივუსამძიმრო. ახლა ჩვენ ვიღებთ დროს, განვიხილავთ დათქმებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება.