რუმინეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კელინ ჯორჯესკუმ უკრაინა „ფიქტიურ სახელმწიფოდ“ მოიხსენია და მისი ტერიტორიის დაყოფისა და ანექსიის მხარდაჭერა გამოხატა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
Romania TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის იმ ტერიტორიების „დაბრუნებას“ მოითხოვს, რომლებიც ამჟამად უკრაინის შემადგენლობაშია. მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, სახელმწიფო საზღვრებიც გარდაქმნას განიცდის.
„ჩვენ გვაქვს ჩრდილოეთ ბუკოვინა, გვაქვს ბუჯაკი, გვაქვს ჩრდილოეთ მარმაროში, რაც უნგრელებს დარჩათ, ლვოვი, რომელიც პოლონელებთან დარჩება, და მალოროსია“, – განაცხადა ჯორჯესკუმ.
მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორიების მომავალი დამოკიდებული იქნება აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებზე.
„მაშინ ჩვენ შევძლებთ სარგებლის მიღებას და, როგორც მიხაი ემინესკუმ [რუმინელი პოეტი] თქვა, დნესტრიდან ტისამდე მიღწევას. ყველა ეს ახალი საზღვარი, რომელიც ჩვენთვის იხსნება ჩრდილოეთ ბუკოვინაში, ბუჯაკსა და ჩრდილოეთ მარმაროშში, ჩვენს ინტერესებშია და ასევე ნატოს ინტერესებში“, – განაცხადა ჯორჯესკუმ.