“თეთრი ხმაურის მოძრაობა” რიგით მეორე საყოველთაო შეკრებისთვის ემზადება, რომელიც 2 მაისს ჩატარდება და წლევანდელი ღონისძიება ნარკოპოლიტიკაში დაგეგმილ ცვლილებებს მიეძღვნება.
პარლამენტმა თითქმის დაასრულა კანონპროექტზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარებაზე დაწესებული სანქციები შემსუბუქდება.
“იმედის” ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას მოხმარების პირველი შემთხვევის დროს აღარ მოხდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება. იცვლება კანაფის და მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება.
კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა, 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა, 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით.
მარიხუანას შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით.