“აუდიტორია 115”-ის გარკვეული წევრების მიერ გამოცდების გადატანისთვის ყალბი ცნობების შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.
გამოძიება მიმდინარეობს “სისხლის სამართლის კოდექსის” 362-ე მუხლით, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.
15 მარტს, გაზეთ “კვირის პალიტრაში” დაიბეჭდა სტატია, სადაც ლაპარაკია აუდიტორია 115-ის წევრების მიერ გამოცდების გადატანისთვის ყალბი ცნობების დამზადებაზე. გაზეთი თსუ-ს სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ “აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩიხლაძემ, ამავე მოძრაობის წევრ თეიმურაზ ბეჟანიძეს დაამზადებინა ყალბი ცნობა, რომელიც თსუ-ში წარადგინა და დოკუმენტის საფუძველზე საგამოცდო თარიღი გადაავადებინა.
