მსოფლიო წესრიგის მოშლას არა მხოლოდ რუსეთი და ბოროტების ღერძი ცდილობენ, არამედ შეერთებული შტატებიც, – განაცხადა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში გამოსვლისას.
მისივე თქმით, თეთრმა სახლმა ეჭვქვეშ დააყენა მთელი დასავლური სამყაროს ერთიანობა, რამაც შესაძლოა ნატოს არსებობის შეწყვეტა გამოიწვიოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აუცილებლად მიაკითხავს ევროპას.
„ეს არ არის მხოლოდ ბოროტების ღერძი, რომელიც ცდილობს მსოფლიო წესრიგის გადახედვას. აშშ-ც ანგრევს მსოფლიო წესრიგს. აშკარაა, რომ თეთრმა სახლმა ეჭვქვეშ დააყენა მთელი დასავლური სამყაროს ერთიანობა და ახლა ვაშინგტონი ცდილობს, უსაფრთხოების საკითხები გადასცეს ევროპას აშშ-ის მონაწილეობის გარეშე.
ნატო-მ, შესაძლოა, შეწყვიტოს არსებობა, ხოლო რუსეთი მოაკითხავს ევროპას. აშკარაა, რომ ვაშინგტონის მიერ რუსეთის ფედერაციის აგრესიის არაღიარება, ასევე, ახალი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც“, – განაცხადა ზალუჟნიმ.