ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არსებობდა ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და რას ნიშნავდა ეს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა? ხშირ შემთხვევაში ამ საკითხის რომანტიზებას და წახალისებას. ეს ყველაფერი გარედან მოხვეული იყო, – განაცხადა გადაცემა დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით.
„მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არსებობდა ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და რას ნიშნავდა ეს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა? ხშირ შემთხვევაში ამ საკითხის რომანტიზებას და წახალისებაც კი ხდებოდა. ეს ყველაფერი იყო გარედან მოხვეული და შემთხვევით არ იყო, რა თქმა უნდა. ამას კონკრეტული მიზნები ჰქონდა და ეს მიზნები სრულ წინააღმდეგობაში არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ამოცანებთან. ლიბერალური ნარკოპოლიტიკის პირობებში ეს პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა და კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა საქართველოსთვის. როდესაც ამ ყველაფერს ხელს უწყობდნენ და იყო თავზე მოხვეული, გათვლა იყო სწორედ ის, რომ ამ პროცესებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაღუპულიყო და კიდევ უფრო მეტ ოჯახს უნდა შეხებოდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა პირველ რიგში ეს ნიშნავს ოჯახების დაცვას, მოქალაქეების დაცვას, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებისა და მომავალი თაობების დაცვას.
„სწორედ ამ მოტივებით და ამოცანებით იყო ნაკარნახები ის ინიციატივა, რომელიც შემუშავებული იყო ჩვენი გუნდის მიერ. მოხარული ვარ, რომ ამაში თავისი კონტრიბუცია მიიღო „ხალხის ძალამაც“ და ერთობლივად მოვახდინეთ ამ ინიციატივის დარეგისტრირება. საკითხი, რა თქმა უნდა, არის ძალიან ფართო და მნიშვნელოვანი. პირველი – ეს არის უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორებთან. მათ შორის, ქონების კონფისკაცია, ვინაიდან სწორედ ამ გზით, ნარკოვაჭრობით მოპოვებულ ქონებაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება და რეაქცია უნდა ჰქონდეს.
აქედან გამომდინარე, ეს არის რთული საკითხი, რასაკვირველია, ვინაიდან წლების განმავლობაში იგივე ტექნოლოგიების განვითარებამ, იგივე ახალი ნარკოტიკული საშუალებების გაჩენამ ბაზარზე კიდევ ახალი რისკები შექმნა და კიდევ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში დოზირებების განსაზღვრაც კი ძალიან რთულია. ამ დროს შედეგები არის დამანგრეველი კონკრეტული ადამიანებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ნარკოდანაშაულს უნდა ვებრძოლოთ ეფექტური, ძლიერი სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი მექანიზმებით, ვინაიდან დავიცვათ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება, დავიცვათ ქართული ოჯახები და მომავალი თაობა“ – აღნიშნა იონათამიშვილმა.