პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღეს ვალერი გელაშვილს, გოჩა კაკოიშვილსა და ბესიკ დანელიას მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით მოუსმენ.
მმართველი გუნდის შეფასებით, ხაშურის ექს მაჟორიტარ დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცეოდა სააკაშვილის სისტემა საკუთარ თანამოქალაქეებს.
ცნობისთვის, 2005 წლის ზაფხულში, გაზეთმა „რეზონანსმა“ იმ დროს პარლამენტის წევრ (რესპუბლიკური პარტია) ვალერი გელაშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნა, რომელშიც დეპუტატმა პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებით არაკორექტული განცხადებები გააკეთა. საქმე ეხებოდა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობას. 2005 წლის 14 ივლისს გელაშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. დეპუტატმა თავდასხმა ინტერვიუს და პრეზიდენტის მხრიდან ანგარიშსწორებას დაუკავშირა.