ესენი არიან არა ოპოზიცია, არამედ რადიკალთა ჯგუფები და ჩვენი საზოგადოებისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
„დაღალეს ჩვენი საზოგადოება, გამოდიან რაღაც რევოლუციური სცენარებით, სურვილი აქვთ, რომ ქვეყანა გახვიონ ძალიან დიდ კატასტროფაში. ქვეყანამ აიცილა ძალიან დიდი უბედურება. რომ არ ყოფილიყო ჩვენი ხელისუფლების შორსმჭვრეტელი პოლიტიკა და გათვლილი ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე, დამერწმუნეთ, რომ ჩვენი სამშობლო იქნებოდა ძალიან რთულ სიტუაციაში. ისინი ყველაფერზე მიდიან, რომ ყოველ ჯერზე ქვეყანაში ისეთი სიტუაციები განავითარონ, რომ ქვეყანა გახვიონ დიდ უბედურებაში.
ერთმა რადიკალმა, ერთ-ერთ გადაცემაში ძალიან საინტერესო რაღაც თქვა, რომ 2020 წელში პროტესტი იყო, მაგრამ მაშინ ევროკავშირს არ მოუნდომებია ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ახლა განსხვავებული სიტუაციააო. ღიად აღნიშნა, რომ არჩევნებში ჩართულობა მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული. ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები არის ძალიან უცხო. დღესავით ნათელია რასთან გვაქვს საქმე, მთელი ამ ხნის განმავლობაში. ორი ათეული წელი ამ „გლობალურმა ომის პარტიამ“ გამოჩეკა საქართველოში ეს აგენტურული ძალა, რომელიც ცდილობს, ჩვენი სამშობლო გადაჩეხოს უფსკრულში.
ისინი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებში არ ერთვებიან. მათ ჰქონდათ ამის სრული შესაძლებლობა, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და თანამედროვე ცივილური ფორმებით დაეწყოთ ხელისუფლების ოპონირება, თუმცა ისინი დამოკიდებული არიან თუ რას უკარნახებენ თავისი პატრონები“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.