პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მოლოდინებზე მედიასთან საუბრობს. დეპუტატის თქმით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ელჩი თვითმმართველობის არჩევნებს უარყოფითად შეაფასებს, რადგან პაველ ჰერჩინსკი არის მიკერძოებული და პერმანენტულად ცილს სწამებს ქართულ სახელმწიფოს.
„როდესაც „ხალხის ძალამ” პირველად ვთქვით, რომ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი „მეგობრები” ატარებდნენ საქართველოს მიმართ, ხშირად კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, გვახსოვს ეს განცხადება როგორი შოკი იყო საზოგადოებისთვის“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ დღეს ყველა ხედავს, რომ ის, რასაც 3 წლის წინ „ხალხის ძალა“ ამბობდა, სრული სიმართლეა და ამას ადასტურებს თუნდაც ევროპელი ლიდერების განცხადებები უკრაინის ომთან დაკავშირებით.
„ჰერჩინსკი მომავალ არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ შეაფასებს დადებითად, რადგან ის არის მიკერძოებული ადამიანი, რომელიც იტყუება და ცილს სწამებს ქართულ სახელმწიფოს. ცუდია რომ ასეა, მაგრამ მისი აზრი ვერ იქნება ჩვენთვის საინტერესო მანამ, სანამ ის არ გახდება ობიექტური. ამიტომაც, ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს და დარწმუნებული იყავით, რომ აქტივობა იქნება მაღალი. ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სასტიკად დამარცხდებიან, მათი პატრონები კი კიდევ ერთხელ გაწბილდებიან. სამი წლის წინ, როდესაც „ხალხის ძალამ” დავიწყეთ განცხადებების კეთება, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი „მეგობრები” ატარებდნენ საქართველოს მიმართ, ხშირ შემთხვევაში კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, გვახსოვს როგორი შოკი იყო საზოგადოებისთვის. პირადად თქვენ რომ გაიხსენოთ, რას ფიქრობდით, ალბათ იგივე განცდები გქონდათ, მაგრამ გავიდა დრო და რასაც თავის დროზე „ხალხის ძალა“ ვამბობდით, დღეს ფაქტებით დასტურდება, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მაგალითზე. ჩვენ დღეს ვხედავთ, როგორ გაწირეს უკრაინა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დაუფარავად ამბობენ ევროპელი ლიდერები, რომ უკრაინაში ომი უნდა გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდხანს, რადგან, თუ ომი მალე დასრულდება, რუსეთი გაძლიერდება და ჩვენთვისაც მოიცლისო.
შესაბამისად, რაც დიდხანს გაგრძელდება ომი, უკრაინისა და უკრაინელების განადგურება, ჩვენ [ევროპელები] მით მეტხანს ვიქნებითო მშვიდად. იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით ჩვენც, დასავლელი ლიდერებისთვის, ჩვენი ოპოზიციისთვის და „ენჯეოებისთვის“ რომ დაგვეჯერებინა და საგარეო და საშინაო ზეწოლებისთვის რომ არ გაგვეძლო. როდესაც 3 წლის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ, გაიხსენეთ რა განცდები გქონდათ, რამდენად წარმოუდგენელი ჩანდა ეს მაშინ – კეთილი ევროპელები და ჩვენი ამერიკელი მეგობრები ამას იფიქრებენო? ახლა კი გაირკვა, რომ თურმე სწორედ ასე ფიქრობენ და ამის გაკეთებას ცდილობდნენ. ეს კარგად ჩანს ევროპელი ლიდერების ზემოთქმული განცხადებებიდანაც და ტრამპის ადმინისტრაციის მხილებებიდანაც, რომლებიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთ-უკრაინის ომის პროვოცირებასა და ამ ომში სხვა ქვეყნების ჩათრევის მცდელობაში ამხელენ,“– განაცხადა სოზარ სუბარმა.