ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გიორგიმ გახარიამ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში მის მიერ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით.
„არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ თავის დროზე, გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში მის მიერ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით. მან საქმის კურსში არ ჩააყენა არც სუს-ის უფროსი, არც პრემიერ-მინისტრი, არც ძალოვანი უწყებები და ჩააყენა მარტო ინფრასტრუქტურის მინისტრი. პირადად მამუკა ბახტაძისგან ვიცი, რომ ის არ იყო საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით.
საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში. ეს თავისთავად აჩენს ეჭვებს. თუ რაღაც ისეთი, პრობლემური არ ხდებოდა, რატომ არ ჩააყენა არავინ საქმის კურსში, არც პრემიერ-მინისტრი, არც სუს-ის უფროსი, არც დაზვერვის ხელმძღვანელი, არც სხვა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი. არცერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, არც ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ იყო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც უცნაურს აკეთებდა, რბილად რომ ვთქვათ, ბატონი გიორგი გახარია. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან. რეალურად, ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. თქვენ იცით, რა შედეგები მოჰყვა ამას ჩვენი ქვეყნისთვის. გადაიდგა არასწორი ნაბიჯი, რასაც მოჰყვა მილიონი კვადრატული მეტრი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამატებითი ოკუპაცია. ეს არის განსახილველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.