ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს, ვის მოვიწვევთ და ვის არა? ეს ნონსენსია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეულ ჯგუფებს და დიდ სახელმწიფოებს უნდათ, რომ საქართველო გახდეს პოლიგონი საომარი მოქმედებების, როგორც უკრაინა და ამისთვის ცდილობენ, ადგილობრივ არჩევნების საშუალებით ქვეყანა ქაოსში შეიყვანონ.
„ვინ ეკითხება კონკრეტულ საელჩოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას, მერამდენედ ვაცხადებთ ამას. ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ ვის მოვიწვევთ და ვის არა? ეს ნონსენსია. ახლა ჩვენ რომ მოვითხოვოთ, რომ აი, იქ არასწორად ჩატარდა არჩევნები და იქ ადგილობრივი დამკვირვებლები, აბა, ჩვენ უნდა დავაფინანსოთ, ხომ სიგიჟეა?! და რატომ აძლევს ბრიტანეთის საელჩო თავს უფლებას ამ სითავხედეს, მე ვერ გავიგე.
არსად, არცერთ ფორმატში, რაც აქამდე ჩატარებულა ადგილობრივი არჩევნები, ეუთო/ოდირ-ი არ ყოფილა მოწვეული. ეს პრაქტიკა არის ასე ჩვენთანაც და სხვაგანაც; მეორე, ჩვენ ვის მოვიწვევთ და ვის არა, ეს ჩვენი გადასაწყვეტია და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თვით ადრე გაიგებთ; მესამე, ბრიტანეთის საელჩო და მისი ელჩი, რომელიც თურმე მედიამონიტორინგის ხასიათით აფინანსებდა რადიკალებს, აფინანსებდა „ნაცმოძრაობის“ ხუთ ნომერს, რაღაც ორგანიზაცია ჰქონია, აფინანსებდა საია-ს, რომელიც დღემდე არალეგიტიმურს გვეძახის და მიტინგზე იდგა, რომ დავამხოთ ეს ხელისუფლებაო; აფინანსებს ოპოზიციური ლიდერების ორგანიზაციებს და დასკვნა რა უნდა დადონ ამათმა, რომლებიც დღემდე გვეძახიან არალეგიტიმურს და რაღაც გაუგებარ სიტყვებს. ე.ი ხელოვნურად ხდება. მთავარი ამოცანა რა არის, მიზანი რა არის ეს, უნდა ვთქვათ. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენი ქვეყნის სამეზობლოში სახელმწიფო არ დარჩა, ცეცხლის ალში რომ არ იყოს გახვეული, ამიტომ გარკვეულ ჯგუფებს უნდათ, რომ ისევ გააცოცხლონ ეს მეორე ფრონტის თემა, გარკვეულ ჯგუფებს და დიდ სახელმწიფოებს უნდათ, რომ საქართველო გახდეს პოლიგონი საომარი მოქმედებების, როგორც უკრაინა. ამისთვის ცდილობენ, ადგილობრივ არჩევნებზე ეს უსამშობლოები ჩართონ, აატრიალონ ისევ ქვეყანა, ქაოსში შეიყვანონ და შემდეგ თავიანთი აგენტურა დასვან. ეს არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირ-ის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირ-ის ყველა რეკომენდაცია“.