საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოფელ ჩორჩანაში 2019 წელს საგუშაგოს გახსნის შედეგებსა და მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გადაწყვეტილების თვითნებურად მიღებაზე ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საგუშაგოს გახსნის შემდეგ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლი დაიკარგა.
მან გაიხსენა, რომ იმ დროს იგი ინფორმაციას მედიით იღებდა, როგორც რიგითი მოქალაქე.
„2019 წელს ამ პროცესს ვუყურებდი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ტელევიზიით ვიღებდი ინფორმაციას და და მახსოვს გახარია და მისი ქემოკლიძეები ყელყელაობდნენ, რომ „აი, რა მაგრები ვართ, ავდექით და დავდგით ჯიხური, რომლითაც საქართველოს ტერიტორია, რომელიც იყო რაღაც რისკის ქვეშ, არ დავთმეთ“. ეს იყო ის, რაც მე მაშინ, როგორც მოქალაქემ გავიგე.
ახლა ნელ-ნელა ირკვევა, რომ არა თუ დაიცვეს, არამედ დაკარგეს მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლიდან. მოსახლეობის კომენტარებსაც ვისმენთ, რომ იქ, სადაც მანამდე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ შესულიყვნენ და რომელიც მათ შორის იყო იმ წარმოსახვითი ხაზის მიღმა, რომელზეც დღეს მავთულხლართს აგებს დღეს საოკუპაციო ძალა, თავისუფლად გადაადგილდებოდა მოსახლეობა, დღეს ვერ გადაადგილდება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ქმედებებზე გადაწყვეტილება მინისტრს თვითნებურად და პროცედურების დარღვევით არ უნდა მიეღო.
„ჩვენ ვისმენთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილებები და დადგა იქ საგუშაგო ჯიხური. ეს არ არის ჯიხურის დადგმა ნავთლუღში, ხომ? საქმე ეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ტერიტორიას, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრმა თვითნებურად, მარტო და ყველას თანხმობის გარეშე ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს.
თავადაც დაადასტურა, რომ სუსი იყო წინააღმდეგი. ირკვევა, რომ არ იცოდა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა. ირკვევა რომ [გახარიამ] დაარღვია პროცედურა ამგვარი საგუშაგოების გახსნის იმით, რომ არ შეატყობინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ითქვა კიდეც, რომ ზუსტად იმ პერიოდში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ორი საგუშაგო სხვადასხვა ადგილზე გაიხსნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და გაიხსნა ზუსტად ამ პროცედურების დაცვით.
ასე რომ, თუკი რამე იყო გასაკეთებელი, ამისთვის არსებობდა პროცედურები. ყველანაირი პროცედურა როგორც სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობის, ისე პროცედურა, რაც უნდა გაევლო საქართველოს მთავრობაში, დაარღვია, თვითნებურად იმოქმედა და მიიღო ის შედეგი, რაც განჭვრეტადი იყო, რაზეც ეუბნებოდა სუსი – რომ ეს აღქმული იქნება პროვოკაციად და გამოიწვევს ესკალაციას.
შეგახსენებთ, 29 აგვისტოს, როგორც ვნახე მედია არქივებში, გაიხსნა ეს საგუშაგო, შემდეგ იყო მოთხოვნები, რომ ეს საგუშაგო დახურულიყო, იყო მთელი პერიპეტია და თუ არ ვცდები, 5 სექტემბერს უკვე საოკუპაციო ძალებმა საგუშაგოები საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე ეფექტური კონტროლის ქვეშ იყო საქართველოს ხელისუფლების”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.