ის რეალობა, რაც ევროპულ სტრუქტურებში შეიქმნა, პირველ რიგში შემაშფოთებელია თვითონ ევროპისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, ორმაგი სტანდარტი ევროპული სტრუქტურების სავიზიტო ბარათად იქცა.
„მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ სიძულვილის ენა მათ ქვეყნებში არის ცუდი, მაგრამ საქართველოში სიძულვილის ენა არის ძალიან კარგი, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ წაახალისონ და დაასპონსორონ სიძულვილის ენა და კამპანია. ისინი ამბობენ, რომ ძალადობა ევროპულ ქვეყნებში არ არის კარგი, მაგრამ საქართველოში რაც უფრო მეტი იქნება ძალადობა, სწორედ ამ კონტექსტსა და ნარატივს აწერენ ხელს.
ისინი აცხადებენ, რომ საქართველოში არ უნდა იყოს გამჭვირვალე დაფინანსება. აქ ლოგიკური კითხვა ისმის – როგორ ხდება ის, რომ რაც კარგია ევროპულ ქვეყნებში ის ცუდი არის საქართველოში. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ ყველაფერში ვხედავთ იმ ორმაგ სტანდარტებს და იმ რეალურ მიზნებს, რაც ამ ევრობიუროკრატებს გააჩნიათ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე. მათ არ აინტერესებთ არც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, არც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, მათ აინტერესებთ მხოლოდ ის, როგორ გამოიყენონ საქართველო იმ შავბნელი მიზნების განხორციელებისათვის, რომელიც ჩვენს რეგიონში „დიფ-სთეითს“ გააჩნია“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.