ესპანეთის პოლიცია მმართველი „სოციალისტური პარტიის“ ოფისში შევიდა პარტიის ყოფილი მაღალი რანგის წევრის, სანტოს სერდანის ელექტრონული ფოსტიდან მასალების ამოღების მიზნით.
სერდანი გასულ კვირას გადადგა კორუფციული სკანდალის ფონზე.
მოსამართლე ლეოპოლდო პუენტემ, რომელიც სერდანისა და ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის, ხოსე ლუის აბალოსის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს განიხილავს, გასცა განკარგულება, რომ პარტიამ შეუშვას პოლიციის წარმომადგენლები ოფისში, თუმცა პოლიციასა და მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებები არ წარმოადგენს რეიდს ან ჩხრეკას.
სამართალდამცველების ანალოგიური ვიზიტები განხორციელდა ტრანსპორტის სამინისტროს გზების დეპარტამენტში, რაც მთავრობის პრესსპიკერმა და ტრანსპორტის მინისტრმა დაადასტურეს. სერდანმა დატოვა პარლამენტარის მანდატი და თანამდებობა „სოციალისტურ პარტიაში“ მას შემდეგ, რაც პოლიციის ანგარიში მოსამართლეს გადაეგზავნა. აღნიშნული ანგარიში მოიცავს სერდანის, აბალოსისა და მისი ყოფილი თანაშემწის საუბრის ჩანაწერის ტრანსკრიპტს, სადაც ისინი, სავარაუდოდ, ქრთამის საკითხს განიხილავენ.
პოლიცია ვარაუდობს, რომ სერდანი ამ სავარაუდო ქრთამის აღებაზე პასუხისმგებელი იყო. მოსამართლემ ასევე დაავალა პოლიციას, შეისწავლონ სერდანის, სავარაუდო ქრთამის მიცემაში მონაწილე კომპანიებისა და ხუთი ბიზნესმენის საბანკო ანგარიშები. დადგენილების თანახმად, შემოწმდება 500-მდე საბანკო ანგარიში. აბალოსი და მისი თანაშემწე მოსამართლის წინაშე მომავალ კვირას წარდგებიან, სანტოს სერდანი კი – 30 ივნისს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პედრო სანჩესის ახლო მოკავშირე სერდანის გადადგომამ და კორუფციულმა ბრალდებებმა მმართველი კოალიცია შეარყია. პერდო სანჩესმა საჯარო ბოდიში მოიხადა, თუმცა უარყო ოპოზიციის მოწოდებები გადადგომისკენ.